ნათია თურნავა - სასიხარულოა, რომ საქართველოში ავსტრიული კომპანიების რაოდენობა იზრდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არად ბენკოსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას საუბრის მთავარი თემა ბოლო ოთხწლიან პერიოდში საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პოზიტიური დინამიკა იყო.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ნათია თურნავამ და არად ბენკომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ დღითიდღე იზრდება იმ ავსტრიული კომპანიების რიცხვი, რომლებიც თავის საქმიანობას საქართველოში წარმართავენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ავსტრიის ელჩმა დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში საქართველოს გაზრდილი მიმზიდველობა როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესპოტენციალის თვალსაზრისით.
„ამაზე მეტყველებს სულ ბოლო ფაქტიც, რაც ახლა დაფიქსირდა – ავსტრიული გიგანტის „OMV ჯგუფის“ წევრი კომპანიის ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში საქართველოში შემოსვლა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ბიზნესპლატფორმა და ბაზარი ზოგადად ევროპული, მათ შორის, ავსტრიული კომპანიებისთვის. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი. ჩვენ პრაქტიკულად, უფრო აგრესიულ, პროაქტიულ საინვესტიციო პოლიტიკას ვიწყებთ, რათა გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც პანდემიის შემდეგ გაუჩნდება გლობალურ ბიზნესებს და რა თქმა უნდა, ავსტრიული ბიზნესები ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.