ნათია თურნავა - სარფის საბაჟოზე ორი ათასი ადამიანის კომპენსაციის საკითხზე ლეგალური საფუძველი თუ არსებობს, გადაწყვეტილებას მივიღებთ
სარფის საბაჟოზე დასაქმებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხზე ლეგალური საფუძველი თუ არსებობს, გადაწყვეტილება ინება მიღებული – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, თვითდასაქმებულების დახმარება არის მათი ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტი.
„საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან თვითდასაქმებულები, განსაკუთრებით არაოფიციალურ სექტორში დასაქმებული არის არააღრიცხული კონტიგენტი და აქამდე მათ თვითონაც არ ჰქონიათ სურვილი აღრიცხვის. მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, მათ დავეხმაროთ. საკმაოდ ლიბერალური მიდგომა არის, მთელი რიგი საბუთებია, რაც უნდა წარმოადგინონ, მაგრამ არ არის რაიმე განსაკუთრებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 2000 ადამიანის საკითხს განცალკევებით განვიხილავთ და თუკი რაიმე ლეგალური საფუძველი არსებობს ამ საკითხის გადაწყვეტის, დარწმუნებული ვარ, გამოინახება. ისევე როგორც დღეს მაგალითად, დღესვე სხდომის დროს, პრემიერმა დავალება მისცა ფინანსთა მინისტრს სეზონურ დასაქმებულებთან დაკავშირებით. ასე მოქნილად, სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს პრობლემა რადგან არსებობს, მზად ვართ, განვიხილოთ ფინანსთა მინისტრთან ერთად“,- განაცხადა თურნავამ.