ნათია თურნავა - საქართველოში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადებია
საქართველოში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობაა: ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.
მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ასევე საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ნათია თურნავამ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა მდგრადი იყო და ყველა ბოლო შეფასებით 2019 წელს საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი (4.6 პროცენტი) ექნება.
„საქართველო, 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, შეიძლება, არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად. თუმცა, თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მაშინ ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალურ აზიის, ევროკავშირის, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ, ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე და ამ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, (მათ შორის ჰონკონგთან), EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან და თურქეთთან და სხვა.
საინვესტიციო ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.