ნათია თურნავა - საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა 2005 წლის შემდეგ პირველად გაიმართება
ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული იყო. მისი თქმით, საუბრის დიდი ნაწილი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე.
„თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა დღეს ითქვა, რომ ბრუნვა, რაც გვაქვს, შეიძლება გაორმაგდეს და ამის პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრიორიტეტულად იქნება განხილული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ქართული ბიზნესის მხარდაჭერა იქნება.
„დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინა პლანზე დააყენა, როგორ დავუდგეთ მხარში ქართულ ბიზნესებს, ვისაც აქვს ვაჭრობა თურქეთთან და რამდენადაა შესაძლებელი, ეს უფრო გამარტივებული წესით მოხდეს. ამ საკითხზე ჩვენ ერთობლივ კომისიაზე უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.