ნათია თურნავა - საქართველოს მთავრობას უკვე მოზიდული აქვს 3.5 მილიარდის საერთაშორისო დახმარება, რაც შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ქვეყანა განუხრელად მიყვებოდა რეფორმების კურსს
ნათია თურნავა - საქართველოს მთავრობას უკვე მოზიდული აქვს 3.5 მილიარდის საერთაშორისო დახმარება, რაც შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ქვეყანა განუხრელად მიყვებოდა რეფორმების კურსს

საქართველოს მთავრობას მთლიანობაში უკვე მოზიდული აქვს 3.5 მილიარდის საერთაშორისო დახმარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიდან, მათ შორის მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირს  ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასთან დაკავშირებით.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდული თანხა მთლიანობაში ქართველ ხალხის მიმართ დახმარებაა.

„ეს დახმარება ჩვენ მოვიზიდეთ უკვე და პრაქტიკულად ეს არის დასრულებული საკითხი, სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად მიყვებოდა რეფორმების კურსს. იმის გამო, რომ საქართველო ბევრ პოზიციაში არის ნომერ პირველი რეფორმატორი და მუდმივად ლიდერობს სხვადასხვა რეფორმის თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგებში, შესაძლებელი გახდა ასეთი მოცულობითი საერთაშორისო დახმარების ასე სწრაფ პერიოდში მოზიდვა.  როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას ჯანდაცვის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მოსახლეობას ვეხმარებით, მათ შორის ამ რესურსითაც ვხელმძღვანელობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დახმარების მიღების მხრივ არანაირი საფრტხე არ არსებობს და საქართველო ევროპული ღირებულებების ერთგულია.

„არანაირი საფრთხე აქ არ არის და პირიქით, სწორედ იმიტომ გახდა ეს შესაძლებელი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით რეფორმებს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმას. სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ არც ერთი მთავრობა და ვერც ერთი  პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა სასამართლოს მსვლელობასა და გადაწყვეტილებებში. ეს არის ევროპული ღირებულებები, რომელთა ერთგულიც ჩვენ ვართ და ამის გამო განიხილება სწორედ მათ შორის საქართველოს დახმარება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.