ნათია თურნავა - საქართველოს მთავრობას პანდემიის მიუხედავად სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმები არ შეუჩერებია
სტრუქტურული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული მხოლოდ პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე, არამედ ხელს შეუწყობს პოტენციური ზრდის ამაღლებას, მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას, პანდემიის მიუხედავად, არ შეუჩერებია სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.
მინისტრობის კანდიდატმა აქცენტი გააკეთა პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებზე მუშაობასაც საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს. მათ შორის, პრაქტიკაში დაინერგება გადახდისუუნარობის ახალი სისტემა, რომელიც მეტ აქცენტს აკეთებს რეაბილიტაციასა და კრედიტორთა უფლებების დაცვაზე. ნათია თურნავას თქმით, კრედიტორთა სამართლიანი და ორგანიზებული დაკმაყოფილებისა და, პარალელურად, ბიზნესის გადარჩენის მიზნით, გადახდისუუნარობის ახალი სისტემა ქმედითად უზრუნველყოფს როგორც კრედიტორთა, ასევე ბიზნესის ინტერესების დაცვას.
„აღნიშნული რეფორმა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც ბევრ ბიზნესს გაუჭირდება და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იქნება, როგორ დავიცვათ, ერთი მხრივ, ბიზნესი და მეორე მხრივ, კრედიტორთა უფლებები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ერთ პრიორიტეტულ რეფორმად მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა კაპიტალის ბაზრის განვითარება. ნათია თურნავას თქმით, 2021 წელს წარდგენილ იქნება კაპიტალის ბაზრის ახალი სტრატეგია.
„აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მოხდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა. კაპიტალდაბანდების გრძელვადიანი ხელშეწყობის მიზნით მოხდება გრძელვადიანი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება, მათ შორის საპენსიო რეფორმის ფარგლებში დასრულდება კერძო საპენსიო სქემების რეფორმაც, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ლარის რესურსის აკუმულირებას. კაპიტალის ბაზრის რეფორმა საპენსიო და ლარიზაციის რეფორმასთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყანაში დანაზოგების აკუმულირების და ინვესტირების ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას, საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.
კაპიტალის ბაზრის განვითარების შედეგად უფრო მეტად საქართველოში იქნება მოზიდული ინსტიტუციური ინვესტორები, სხვადასხვა ფონდები, რომლებიც შეძლებენ თავისი ინვესტიციის დაბანდებას სხვადასხვა დარგში და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე მოსახლეობის კერძო დანაზოგებიც ცივილიზებული ფორმით მიემართება ეკონომიკისკენ და შექმნის დამატებულ ღირებულებას,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.