ნათია თურნავა - საქართველოში მოხმარებული გაზის 95 პროცენტი აზერბაიჯანულია, „გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არ იქნება
მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებდა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისას, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი იყო, რაც ზედმიწევნით შესრულდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გაზის მთლიანი მოხმარების 95 პროცენტი აზერბაიჯანული გაზია.
„მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარეთ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში, პირველ რიგში, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი იყო, რაც ზედმიწევნით შესრულდა. თუ ნახავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, 2.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ბაზრიდან, რაც ჩვენი მთლიანი მოხმარებაა, 95 პროცენტი გაზი აზერბაიჯანული წარმომავლობისაა. აზერბაიჯანი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა განმარტა, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს ორი წყაროთი იღებს – ეს არის კუთვნილი კვოტა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, „შაჰდენიზიდან“ და სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული გაზი.
„ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მომხმარებელი – ჩვენი მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ეს სეგმენტი მთლიანად დაფარული იქნება და არის აზერბაიჯანული გაზით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, მთავრობა ყოველთვის მომხრეა კომერციულ სეგმენტში, ელექტროენერგიისა თუ გაზის სექტორში, გარკვეული კონკურენცია შევიდეს.
ნათია თურნავამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დეპუტატებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პირობები გაუმჯობესებულია.
„ჩვენი მოლაპარაკების შედეგად, დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, რადგან დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ შედეგს ხედავთ. ჩვენ შევძელით პირობების გაუმჯობესება, მათ შორის მიწოდებული გაზის ფასის ნაწილშიც და ახლა მართალია, მცირე დოზით, სულ 5 პროცენტი ჩვენი მოხმარებისა, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. აუქციონის მეშვეობით გაიყიდა მისი დიდი ნაწილი. შედგა ძალიან დიდი კონკურენცია, რვა კომპანია მონაწილეობდა. შეიძლება, ეს გაზი ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის და აქედან გამომდინარე, ალტერნატივის არსებობა კომერციულ ბაზარზე ისევ ჩვენი ბიზნესების კონკურენტუნარიანობით არის განპირობებული. „გაზპრომის“ რამე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასოდეს იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.