ნათია თურნავა - საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება შეუფერხებლად, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში
საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება აბსოლუტურად შეუფერხებლად, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეგიონში საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკების გამართული ფუნქციონირებისთვის.
„საქართველოს ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მთლიანად რეგიონალური ეკონომიკის განვითარებისთვის და რა საკვირველია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკების გამართული ფუნქციონირებისთვის.
ამ თვალსაზრისით, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს გავლით, სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება აბსოლუტურად შეუფერხებლად, როგორც აზერბაიჯანთან ასევე სომხეთთან მიმართებაში. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. საზღვრის კვეთები რომ ავიღოთ, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების, პრაქტიკულად, ის კონფლიქტის განახლების მომენტიდან არ შეცვლილა. დაახლოებით 750-დან 800-მდე სატვირთო ავტომობილი, სამოქალაქო ტვირთით ყოველ დღე კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვარს. უფრო მეტიც, სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვების უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის ავამოქმედეთ საბაჟო გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღალი ინტენსივობით ემსახურება ტვირთებს სომხეთის მიმართულებით და პირიქით, სომხეთიდან გამავალ სატრანზიტო ტვირთებს. ინტენსივობა და კვეთები ძალიან მაღალია. ამ თვალსაზრისით, რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს და არ ექნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საჰაერო გზებითაც სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო გადაზიდვები ხორციელდება შეუფერხებლად.
„საჰაერო გზებითაც, სატრანზიტო გადაზიდვები სამოქალაქო დანიშნულების ხორციელდება შეუფერხებლად. კონფლიქტის განახლების მომენტიდან ჩვენ ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ დაგვიწესებია და არც ვაპირებთ, რომ დავაწესოთ.
მთლიანობაში, იმედს გამოვთქვამთ, რომ მშვიდობა რეგიონში მალე აღდგენა და ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.