ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია, როცა მძიმდება პროგნოზები გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებაში, არ შეიძლება, ეს ჩვენთან დაკავშირებულ პროგნოზებზე არ აისახოს
საქართველოს ეკონომიკა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ეკონომიკა იყო, შესაბამისად, როცა მძიმდება პროგნოზები გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებაში, არ შეიძლება, ეს არ აისახოს ჩვენთან დაკავშირებულ პროგნოზებზეც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ პროგნოზთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5 პროცენტამდე შეამცირა.
ნათია თურნავას განმარტებით, პროგნოზები წინასწარია და დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის შეფასებაზე, რომელიც პესიმისტურია.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ უფრო მეტად პესიმისტურია, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზი. სავალუტო ფონდის პროგნოზი იყო მინუს 4 პროცენტი წლის ბოლოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი არის მინუს 5,5 პროცენტი. ეს პროგნოზებიც წინასწარია და ძალიან დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის შეფასებაზე. გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის შეფასება ხდება უფრო პესიმისტურად, გამომდინარე იქიდან, რომ არ მართლდება მოლოდინები ზაფხულის დადგომასთან ერთად კოვიდინფექციის გაქრობის შესახებ. როგორც ჩანს ქვეყნებს, მსოფლიოს მოგვიწევს რაღაც პერიოდი ამ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება. აქედან მომდინარეობს ეს პესიმიზმი.
საქართველოს ეკონომიკა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ეკონომიკა იყო, ჩვენ არ ვართ ვაკუუმში, შესაბამისად, ის თუ როგორ მძიმდება პროგნოზები გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებაში, არ შეიძლება, არ აისახოს ჩვენთან მიმართებაში პროგნოზებზეც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტი და გარე ბაზარზე არსებული ვითარება. აქ კი, შემცირებულია მოთხოვნა და პროგნოზი არ არის მთლად ოპტიმისტური“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდიდან აღდგება გლობალურად ტურიზმი, ფრენები, ინვესტორების აქტივობა და ა.შ.
„ეს არის აქ ასახული, მაგრამ მინდა, ვთქვა, ჩვენ მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე მთელი რიგი მიმართულებით. ისედაც 2019 წელი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი რეკორდული, რადგან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სავაჭრო ბალანსის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა, საუკეთესო თანაფარდობა იმპორტსა და ექსპორტს შორის. ჩვენ კიდევ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ წარმოებაზე, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, კვება, თუ საშენი მასალები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, სწორედ ეს გახდება მომავალში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ასევე ინვესტიციები.
„პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკეთესი შედეგი გვქონდეს 2021 წელს“, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა.