ნათია თურნავა - საქართველო ის ქვეყანაა ჩვენს რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად
საქართველო არის ის ქვეყანა ჩვენს რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა იმისთვის, რომ დავიწყოთ უშუალოდ მოლაპარაკება აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წელს გაძლიერდება ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფართოების მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიზნით აქტიური კონსულტაციების გაგრძელება პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეზე.
„ძალიან სასიხარულო იყო ის ორპარტიული მხარდაჭერის სულისკვეთება, რაც აისახა სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ამერიკელი კონგრესმენების წერილში, რომლითაც ისინი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მიმართავენ და მოუწოდებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უშუალო მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს ძალიან იმედისმომცემი მესიჯია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.