ნათია თურნავა - საქართველო არ განიხილება სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად
ნათია თურნავა - საქართველო არ განიხილება სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად

საქართველო არ განიხილება სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, საბანკო სექტორის მუდმივი შემოწმება ხორციელდება.

„რაიმე ისეთი მცდელობა, რომელიც პრევენციის გზით არ იყოს აღკვეთილი, ასეთი მცდელობა არ გამოვლენილა. ერთადერთი, ჩვენი ძირითადი ყურადღების საგანი ბანკებში არის, რამდენად მზად არიან, რამდენად აქვთ ყველა რეგულაცია, ყველა პროცედურა შემოღებული, დაცული და ა.შ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ კარგი ვითარებაა. საბანკო სისტემა საკმაოდ სწრაფად რეაგირებს ამ სფეროში ამა თუ იმ სიახლეზე.

კიდევ ერთი მაჩვენებელი შემიძლია მოვიყვანო, რომელიც არის გარე შეფასება, მაგრამ ირიბად ასევე აფასებს იმას, რომ მცდელობასაც არ აქვს დიდი ადგილი საქართველოში. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ თებერვალში გაკეთებული და გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც შეეხება ისეთი პროდუქციით ვაჭრობას, რომელიც არის რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში სანქცირებული, ან ნაწილობრივ სანქცირებული. ასეთი საქონლის ნაკადები, ექსპორტი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოსთან მიმართებაში არის საგრძნობლად შემცირებული და არ მიიმართება ძირითადად ჩვენკენ. ძირითადად გაზრდილი არის ე.წ. საბაჟო კავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ და არა საქართველოს მიმართ. ესეც არის ირიბი მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველო არ განიხილება სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.