ნათია თურნავა - საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა სურგულაძის პირადი გადაწყვეტილებაა, მას კერძო სექტორში გადასვლა სურს
ნათია თურნავა - საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა სურგულაძის პირადი გადაწყვეტილებაა, მას კერძო სექტორში გადასვლა სურს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან პირადი გადაწყვეტილებით მიდის.

თურნავას ინფორმაციით, ლევან სურგულაძე კერძო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

„როგორც ვიცი, ლევან სურგულაძემ ბრიფინგი გამართა. მან განმარტა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება არის. ადამიანები თავისუფლები არიან, რაღაც მომენტში შეეცვალოთ გეგმები. როგორც ვიცი, კერძო სექტორში გადასვლის სურვილი აქვს“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპი ძალიან წარმატებულია.

„მათ შორის ბატონი სურგულაძის დამსახურებაც არის, რომ საპენსიო ფონდი ამოქმედდა და გაძლიერდა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გველის წინ, კვლავ საინვესტიციო პოლიტიკაზე აქცენტით, ძალიან დაბალანსებული წესები და პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ. ამისთვის გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, ბორდის წევრები, საერთაშორისო საპენსიო ფონდების ყოფილი მაღალჩინოსნები და მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩვენ განვიხილავთ მის წინადადებას, შევხვდებით, გავესაუბრებით. რაც მთავარია, გადაწყვეტილებები იმდაგვარად იქნება მიღებული, რომ ჩვენი საპენსიო რეფორმა კვლავაც წარმატებით განხორციელდეს. საპენსიო ფონდი, საპენსიო რეფორმა არის ძალიან დიდი და წარმატებული პროცესი, წარმატებული რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე პოფესიონალი შეცვლის, მაგრამ არც ერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე ეს რეფორმა დამოკიდებული არ არის, ვინაიდან ის არის ძალიან კარგად და მკაცრად რეგლამენტირებული კანონმდებლობით, არის სახელმწიფო რეფორმის პრიორიტეტი“ ,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში თავისი მისია ამოწურა. ლევან სურგულაძე სამომავლო გეგმების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე ის სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.