საქართველო და მისი საფინანსო სისტემა არასდროს იქცევა სანქციებისგან თავის არიდების ადგილად. ჩვენ საკამოდ ძლიერი მონიტორნგის სისტემა გვაქვს დაწესებული და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი დადებითი შეფასება მიგვიღია ამასთან დაკავშირებით ჩვენც, ჩვენს საბანკო სისტემას. კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო ვალდებულებების, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქციების აღსრულების განსხვავებული წესი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ.
„კარგად მოგეხსენებათ, რომ ეროვნულმა ბანკმა, კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დაზუსტება შეგვეტანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში, რა წესიც მოქმედებს ჩვენს საფინანსო სისტემაში. მისი ძირითადი პრინციპები მოქმედებაში არის ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლიდან, შემდეგ ამ წესმა შეიძინა ნორმატიული აქტის სახე და ის განსაზღვრავს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკაშვირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების მიმართ დაწესებულ სანქციებს, ზოგადად, აღსრულების წესს. ეროვნული ბანკი, და ჩვენი მითითებით, ქართული საფინანსო სისტემა პირველივე დღიდან ასრულებდა და კვლავაც აღასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველო და მისი საფინანსო სისტემა არასდროს იქცევა სანქციებისგან თავის არიდების ადგილად, ჩვენ საკმაოდ ძლიერი მონიტორინგის სისტემა გვაქვს დაწესებული და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი დადებითი შეფასება მიგვიღია ამასთან დაკავშირებით ჩვენც, ჩვენს საბანკო სისტემას. კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო ვალდებულებების და ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე თითოეულ საბანკო ინსტიტუტთან.
საბანკო ინსტიტუტებსაც აქვთ საკმაოდ მკაფიო საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც ასევე განუხრელად იქნება შესრულებული. პირველი პრეცედენტი შეიქმნა იმისა, რომ სანქციების აღსრულება შეეხო საქართველოს მოქალაქეს. ჩვენი გადაწყვეტილებაც პრეცედენტულია და გავრცელდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. სანქცირებულ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებით სანქციების აღსრულების განსხვავებული წესი დავაწესეთ. კერძოდ, ჩვენ შევიტანეთ დაზუსტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ სანქციების აღსრულების წესში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე და მათ მიერ შექმნილ იურიდიულ პირებზე მხოლოდ მაშინ, თუ მათ მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. ასევე, ჩვენი ბრძანების ნაწილია და მკაფიოდ აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ და სხვა შესაბამის სტრუქტურებს შემდგომი რეაგირებისთვის.
ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს. სხვადასხვა ინტერპრეტაცია გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელსა და გვარს. აქედან გამომდინარე, თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებიდან თავის არიდებას, ეს გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით.
შესაბამისად, საერთაშორისო სანქციის აღსრულების პროცესში, როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ჩვენი ვალდებულებაა, სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი. სწორედ ამიტომაც შესაბამისი დაზუსტება იყო შეტანილი სანქციების აღსრულების წესში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ვინმეს დაცვისკენ და კოკრეტული სახელების, გვარების დაცვის მიზნებისკენ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც იცავს და დაიცავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს. ვიდრე მათ მიმართ არ შევა ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება იქნება ამ ეტაპზე შეჩერებული. რასაკვირველია, შემდეგ სანქციების აღსრულება მოხდება ჩვეულებრივ ფორმატში“, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ყველა შემთხვევაში სანქციების აღსრულება ავტომატურად არ ხდება.
„ანალოგიური პრაქტიკა არსებობს განვითარებულ სახელმწიფოებში, თქვენც შეგიძლიათ, მოიძიოთ. ყველა შემთხვევაში სანქციების აღსრულების ავტომატური ქმედება არ ხდება ხოლმე, თუკი ასეთი ავტომატური ქმედება გარკვეულ შეუსაბამობაში არის ეროვნულ კანონმდებლობებთან. მით უფრო, ახლა ჩვენ დაგვიდგა საკითხი, რამდენად შეესაბამება სანქციების ავტომატური აღსრულება ჩვენს კონსტიტუციას. ამიერიდან გარანტირებული იქნება, რომ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ, ვინც შეიძლება, აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში, საერთაშორისო სანქციების აღსრულება განხორციელდება კონსტიტუციური უფლებების სრული დაცვით და მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – განაცხადა თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.