ნათია თურნავა - სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავად იწვნია საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას
სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავად იწვნია საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი და ამ თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის სრულიად უპასუხისმგებლო. ისინი მზად არიან, ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს, აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს.
ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას და ელექტროენერგიით მომარაგებას გააჩნია სამი თეორიული პოტენციური წყარო. ერთი, ეს არის ჩვენი საკუთარი ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები, რომელზეც ის გვირჩევს, რომ უარი ვთქვათ. მეორე, ეს არის ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთიდან. მესამე, ეს არის გაზის იმპორტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელიც მოღვაწეობს უკრაინაში, ქვეყანაში, რომელმაც იწვნია თვითონ საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი“,- განაცხადა თურნავამ.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჰესები საქართველოს პრიორიტეტი არ არის.