ნათია თურნავა - საკმარისი რესურსი გვაქვს ვიზიტორების როგორც მესტიაში, ასევე სხვა რეგიონებში განსათავსებლად
საკმარისი რესურსი გვაქვს ვიზიტორების როგორც მესტიაში, ასევე სხვა რეგიონებში განსათავსებლად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის დაწყების მომენტიდან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად იყოს აღმოფხვრილი.
„მოსახლეობასთან საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ კოვიდი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. ამისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული.
თურნავას თქმით, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს,“ – განაცხადა მინისტრმა.
თურნავას თქმით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს.
„საუბარია სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და უამრავ სხვა რეკომენდაციაზე. ჩვენ ამ წესების შესრულებას ვაკონტროლებთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული მთავრობის ფრთხილი მიდგომა, რასაც მობილობის გახსნისა და ფრენების თანდათან აღდგენის მიმართულებით იჩენს.