ნათია თურნავა - სახელმწიფოს მხარდაჭერითა და ცხრა მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება
ნათია თურნავა - სახელმწიფოს მხარდაჭერითა და ცხრა მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება

სახელმწიფოს მხარდაჭერითა და კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება, რომლის ფარგლებში ცხრა მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გურიაში, დაბა ლაითურში მდებარე ლურჯი მოცვის პროექტი სახელმწიფოს, კერძოდ, საპარტნიორო ფონდის დახმარებით განხორციელდა.

„ზოგადად ლურჯი მოცვის დარგი ეს არის ის დარგი, რომელსაც ბოლო წლებში განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელმწიფომ – 14 მილიონი ლარი მარტო სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან დაიხარჯა, ხოლო ისეთი ბერკეტებით, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტია ამ დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგი – დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული ამ ბიზნესში. ეს არის საექსპორტო პროდუქტი და მიუხედავად პანდემიისა, ეს არის ის პროდუქტი, რომლის ექსპორტიც 2020 წელს რადიკალურად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით და პრაქტიკულად გასამმაგდა. ეს არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის დახმარების შედეგი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შპს „ეფკო“ ფლობს და მართავს 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას გურიაში, დაბა ლაითურში. კომპანიის საკუთრებაშია ჯამში 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის სრულად ათვისებას კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.

პლანტაცია, რომლის გაშენებაც 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს სს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა. შპს „ეფკომ“ აღნიშნული პლანტაცია 2020 წლის ზაფხულში საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა.

შპს „ეფკოს“ მმართველი ქართული მულტიპროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპია“, რომლის მიზანი რეგიონში ლურჯი მოცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, საერთაშორისო დონის აგროკომპანიის შექმნაა.

კომპანიას ამ ეტაპზე სეზონურად 400 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ კი მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე, სეზონურად კი 3 000-მდე გაზრდას გეგმავს.