ნათია თურნავა - საკარანტინო სივრცეების მიწოდება გაიზარდა, სადაც საქმე ეხება მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, რესურსი არ გვენანება
ნათია თურნავა - საკარანტინო სივრცეების მიწოდება გაიზარდა, სადაც საქმე ეხება მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, რესურსი არ გვენანება

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ჩვენი სტრატეგიის მთავარი ნაწილი პრევენციას ეფუძნება, ვირუსის გავრცელების პრევენცია და არდაშვება არის მთავარი წინაპირობა იმისა, რომ შედარებით სწრაფად დავძლიოთ ეს გამოწვევა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს, რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს კარანტინში მყოფი ადამიანის ერთი ღამით შენახვა.

ნათია თურნავას თქმით, საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო პრევენციის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის ყველა ზომას მიმართავს და ამ მიმართულებით მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს.

ამასთან, მისი თქმით, ძალიან ბევრი სასტუმრო თანამშრომლობს მთავრობასთან.

„დღესდღეობით ძალიან კარგია, რომ ბევრი სასტუმრო მოდის ჩვენთან თანამშრომლობაზე, თავიდან იყო გარკვეული კითხვები, როგორ იქნება ორგანიზებული კარანტინი და დღეს ხედავენ, რომ ძალიან ორგანიზებულად, ყველა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვით, უსაფრთხოდ ხდება კარანტინის ორგანიზება, დეზინფექცია და ძალიან მაღალია ნდობა ჩვენი სასტუმროების მხრიდან მთავრობის მიმართ, კონკრეტულად იმ უწყებების მიმართ, ვინც კარანტინზე არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, საკარანტინო სივრცეების მიწოდება გაიზარდა და პირობებიც არის გაცილებით უფრო მისაღები ჩვენთვის, მაგრამ ისევ ვამბობ – იქ სადაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, ჩვენ რესურსი ნამდვილად არ გვენანება და საკმარისი გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.