ნათია თურნავას განცხადებით, აბასთუმნის გარკვეულ არეალზე ფრენების დროებითი შეზღუდვით სახელმწიფო არ ზარალდება
ნათია თურნავას განცხადებით, აბასთუმნის გარკვეულ არეალზე ფრენების დროებითი შეზღუდვით სახელმწიფო არ ზარალდება

საჰაერო ადმინისტრაცია დათანხმდა აბასთუმნის ობსერვატორიის თხოვნას, რვა კილომეტრიან არეალზე ფრენების დროებითი შეზღუდვები დაწესებულიყო,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა და ამ ნაბიჯით სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ ადგება.

„აბასთუმნის ობსერვატორია ჩვენი ერთ ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრია, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. ამ ცენტრის მთავარი მიმზიდველობა, მთელი იდეა, 100 წლის წინ მისი სწორედ აბასთუმანში განთავსების ისაა, რომ იქ არის ერთ ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო, რაც მაღალი სიზუსტის კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მოგვმართა ჩვენ, საჰაერო ადმინისტრაციას, აბასთუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება ასე ვთქვათ საჰაერო მარშრუტების, დროებითი შეზღუდვის 8 კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თანაც იმგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ იკარგება და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არც ერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან, რა საკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი. აქ არ არის არანაირად საუბარი საერთაშორისო მარშრუტებზე. ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის საქართველოშიც, როდესაც არის გარკვეული გარემოებები, ეს მცირე, დროებითი ზომები დაწესდეს. მაგალითად გეტყვით, იგივე კახეთში, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება,  ვაწესებთ ამას. სხვადასხვა ნავთობ-ტერმინალის თავზე წესდება დროდადრო, ასე რომ განსაკუთრებული აქ არაფერია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, აბასთუმნის ობსერვატორია, ეს  უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, განვითარდეს.