ნათია თურნავა - საგანგებო ვითარების დასრულებამდე დროებით შეჩერებული ბიზნესების აქტიურად ამოქმედება მოსალოდნელი არ არის
ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და არსებული კრიტიკული ვითარების გათვალისწინებით, მინდა, გულახდილად გითხრათ, რომ საგანგებო ვითარების დასრულებამდე, ჩვენ ვერ დავიწყებთ დროებით შეჩერებული ბიზნესების აქტიურად ამოქმედებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე და ეპიდემილოიური თვალსაზირისით კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება, რაც ახალ გამოწვევებს ქმნის. აქედან გამომდინარე კი, მობილობის მკვეთრად შეზღუდვის მიზნით გადამწყვეტი ზომები იქნა მიღებული.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ამ პერიოდში აქტიურად გაგრძელდება ბიზნესების მონიტორინგი.
„ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ ბიზნესის შემოწმებას, თუ როგორ აკმაყოფილებენ კომპანიები უსაფრთხოების სტანდარტებს, რათა როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ შემაკავებელი ზომების შერბილება და ეკონომიკის ამოქმედება. ამისთვის საჭიროა, ყველა მზად იყოს და დამატებითი დრო აღარ დაგვჭირდეს შემოწმებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორები განაგრძოვენ ბიზნესის შემოწმებას, თუ რამდენად პასუხობენ ისინი ახალ გაიდლაინებსა და მოთხოვნებს.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეის მონაცემებით, 300-ზე მეტი კომპანიაა შემოწმებული.