ნათია თურნავა - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა, მარტში იგეგმება ერთ-ერთი მორიგი სამუშაო მისია, რომელიც ესტუმრება საქართველოს
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა, არა მხოლოდ პროგრამის აღდგენის დაჩქარებაზე, რაც ჩვენი და სავალუტო ფონდის პრიორიტეტია, არამედ სხვადასხვა ტექნიკური დახმარების ფარგლებში პროექტებზე, ეს არ შეფერხებულა და პირიქით, ახალი პროგრამებიც დაემატა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.
თურნავას თქმით, ფისკალურ ნაწილში რაიმე შეფერხება არ არის, რაც, თავის მხრივ, ირიბად მეტყველებს პოზიტიურ მოლოდინზე, რომელიც სავალუტო ფონდშიც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.
„გეტყვით, რომ მარტში იგეგმება ერთ-ერთი მორიგი სამუშაო მისია, რომელიც ესტუმრება საქართველოს. ანუ, ჩვენ ვმუშაობთ ინსტიტუციონალიზაციაზე და გვაქვს ინფორმაციის მიმოცვლა ფონდთან. გვექნება წლის განმავლობაში შეხვედრის და განხილვის რამდენიმე შესაძლებლობა. კვლავაც პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, თუმცა კონკრეტულ ვადებზე საუბარი რთულია. მთლიანობაში კი მიმართება პოზიტიურია, რამაც ასევე წამყვანი სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში კარგი ასახვა ჰპოვა“, – განაცხადა თურნავამ.