ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდა, რომელმაც ამ პოსტზე ფრანსუა პეშო შეცვალა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
შეხვედრაზე სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ფონდთან შეთანხმებული პროგრამის მიმდინარეობა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები შეთანხმებულ პარამეტრებში დარჩება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაგრძელდება.