ნათია თურნავა - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პირველადი მოლაპარაკებები დასრულებულია, ხვალ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პირველადი მოლაპარაკებები დასრულებულია და ხვალ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას, რა შეთანხმებებს მივაღწიეთ დონორებთან. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევები და შესაძლო პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევა გარკვეულ პერსპექტივასაც ქმნის და პანდემიის დასრულების შემდეგ მთელი რიგი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები იკვეთება. თუმცა, როგორ მიმდინარე კრიზისი, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერა საკვანძო საკითხი იქნება.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მთავრობამ უკვე დაასრულა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პირველი ნაწილი. თუმცა, მინისტრმა თავი შეიკავა შეთანხმების უფრო დეტალურად განხილვისგან, რადგან, მისი თქმით, ამაზე თავად პრემიერი ხვალ ისაუბრებს.
„შემიძლია გითხრათ, პირველადი მოლაპარაკებების სოლიდური ნაწილი უკვე დასრულებულია და რამდენადაც ვიცი, ხვალ პრემიერ-მინისიტრი უკვე მზად იქნება, გააკეთოს განცხადება, რა შეთანხმებებს მივაღწიეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან. პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ავანგარდში მდგარი საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს არის ანონსი და განცხადებას ხვალ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს. აქედან გამომდინარე, მე მეტ დეტალში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო შრომატევადიი პროცესი“, – განაცხადა თურნავამ.
მისი მოსაზრებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელსაც მალე მთელი საქართველო იგრძნობს, საფუძველი მთავრობისა და ქვეყნის რეფორმატორულმა მიდგომამ ჩაუყარა.
„ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ასევე აისახა იმ ერთობლივ წერილში, რაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ხელს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები აწერდნენ. მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ახლა ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და ამას იგრძნობს მთელი საქართველო და რა თქმა უნდა, ბიზნესი, შეიქმნა ამ წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენი გუნდი ახორციელებდა რეფორმებს, ძალიან აქტიურ სტრუქტურულ ეკონომიკურ რეფორმებს, რამაც საქართველო წამყვანი რეიტინგების სათავეში მოიყვანა. ჩვენი რეპუტაცია ამ დღეებში წარმოჩინდა არა მარტო ჯანდაცვის კუთხით, არამედ ზოგადად, ჩვენი რეპუტაცია, როგორც გახსნილი, ლიბერალური ეკონომიკის, რეფორმისტული მიდგომის მქონე ხელისუფლებისა და ქვეყნის, არის ძალიან მაღალი და სწორედ ეს დაგვეხმარა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, სწორი მიდგომის დამსახურებით ქვეყნის ეკონომიკა ბოლო პერიოდში სწრაფად ვითარდებოდა, რაც მიმდინარე კრიზისის დაძლევაშიც დაეხმარება ქვეყანას. თუმცა, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გამოწვევის წინაშე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ამ გამოწვევას, პანდემიას ვგულისხმობ, ძალიან მომზადებულები დავხვდით, რადგან ჩვენი ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა. 2019 წელი იყო ძალიან წარმატებული და რომ არა ეს მოულოდნელი განსაცდელი, რაც მთლიანად მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს დაატყდა თავს, ჩვენ იანვარშიც კი ძალიან მაღალი ტემპით ვვითარდებოდით. ამან საშუალება მოგვცა, რომ ეკონომიკაში გარკვეული რესურსი დაგვეგროვებინა. ეს გვაძლევს ძალას, რომ ყველამ ერთად გადავიტანოთ ეს კორონავირუსის გამოწვევა, გავუძლოთ ამ შეგნებულ დაპაუზებას. რაც ნაკლები იქნება მობილურობა, მეტი ადამიანი დარჩება სახლში, რაც მეტი ადამიანი შეგნებულად მიუდგება ამ სიტუაციას, მე ძალიან მადლიერი ვარ ყველა ბიზნესის, ყველა ადამიანის, ვინც ამას შეგნებით ეკიდება. ყველას ესმის, რომ რაც მეტს მოვითმენთ ახლა და პასუხისმგებლობოთ მივუდგებით ამ სიტუაციას, მით უფრო მალე გადავალთ მეორე ეტაპზე“, – განაცხადა თურნავამ.