ნათია თურნავა სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული სექტორული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებთან სადეზინფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოების განვითარება და მათი ხელშეწყობის გზები განიხილა.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, ისინი მზად არიან დამატებით აწარმოონ როგორც ანტისეპტიკური ხსნარები, ასევე სადეზინფექციო საშუალებები. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე საჭირო ხსნარების მარაგი აქვთ.
„ვაგრძელებთ რეგულარულ სექტორულ შეხვედრებს და დღეს შევხვდით სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ სადეზინფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოების განვითარებას და კომპანიებმა გაზარდონ ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების წარმოება. ჩვენ კი ჩვენი მხრივ, მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში თანადგომა აღმოვუჩინოთ მათ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.