ნათია თურნავა - სადაც საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების პარალიზებასთან და ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, სამართალდამცველები ადეკვატურ ზომებს იღებენ
ნათია თურნავა - სადაც საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების პარალიზებასთან და ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, სამართალდამცველები ადეკვატურ ზომებს იღებენ

რა ნაწილშიც მანიფესტაციები, პროტესტის გამოხატვის ფორმები არ სცდება კანონმდებლობას, ყველაფერი მისაღებია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავა მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სადაც საქმე სახელმწიფო უწყებების პარალიზებას ეხება, სამართალდამცველები სრულიად ადეკვატურ ზომებს იღებენ

„რა ნაწილშიც მანიფესტაციები, პროტესტის გამოხატვის ფორმები არ ცდება კანონმდებლობას, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისაღებია და ამას მშვიდად უნდა შევეგებოთ. ახლა, რა თქმა უნდა, სადაც გვაქვს ისეთ ფაქტებთან საქმე, რომლებიც იწვევს სახელმწიფო უწყებების პარალიზებას, ჩვენი ჩვეულებრივი საქმიანობის ხელის შეშლას და ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, აქ სამართალდამცავები სრულიად ადეკვატურ ზომებს იღებენ. მშვიდობიანი აქციის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არავის არ შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხელშეუხებელია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

​მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები შესაძლოა ქმნიდეს დისკომფორტს, თუმცა როდესაც არ ირღვევა კანონი, ამას „უნდა შეეგუონ“.

„რაც შეეხება გვიქმნის თუ არა ეს ჩვენ უხერხულობას, რა თქმა უნდა, ეს ქმნის დისკომფორტს, მაგრამ ისევ ვამბობ, ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ, რა ნაწილშიც ეს არ არღვევს კანონს. თუმცა, მე იმასაც ვიტყვი, რომ მე, მაგალითად, ძალიან ამაყი ვარ და არ მრცხვენია, რომ დღეს ამდენი ობიექტი შევთავაზე ბიზნესს და არა მგონია, რომ ვინმეს აზრად მოუვა ბიზნესის პიკეტირება, ეკონომიკური ზრდის პიკეტირება და ინვესტორების პიკეტირება და სწორედ ამიტომაც, დღეს, მე მგონი აქ არავინ არის გარეთ და ჩვენ არავინ არ გველოდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.