ნათია თურნავა - რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ
სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ დასახელებულ საქართველოს ეკონომიკის ძირითად გამოწვევებს შორის რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გამოვყოფდი, რაც კვლავ რჩება არასტაბილურობის ფაქტორად, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ფაქტორი განეიტრალებული იყოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„აღნიშნული ფაქტორის გამო „ფიტჩმა“ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ 2019 წელი ჩვენ მაღალი მაჩვენებლით დავასრულოთ“, – განაცხადა თურნავამ.
სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ამასთან, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით, 4.3 პროცენტამდე შეამცირა (წინა პროგნოზი – 4.6 პროცენტი).