ნათია თურნავა - რაც მალე მიხვდებიან ოპოზიციონერები, რა არის საზოგადოების დაკვეთა, მეტად ადეკვატურები იქნებიან და დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მას იმედი აქვს, ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში გადაიტანენ.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლისკენ ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ. ამასთან, როგორც თურნავა ამბობს, რაც მალე მიხვდებიან ოპოზიციონერები, რა არის საზოგადოების დაკვეთა, მეტად ადეკვატურები იქნებიან და დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე.
„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ ჩვენი ოპოზიციონერები და გადაიტანენ თავის პროტესტს და ზოგადად, პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში, რაც არის აპრობირებული ერთადერღი ცივილიზებული გზა. ამისკენ მოგვიწოდებენ ყველას და პირველ რიგში, მათ მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თქვენ იცით, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები ამასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს ასეთ დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები და ასე შემდეგ გადაიტანოს საპარლამენტო ფორმატში. მათ ასეთი საინტერესო მეტაფორაც კი გამოიყენეს, რომ ეს ბოიკოტი ჰგავს ერთხელ ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას, ანუ ეს ნიშნავს, ასე ვთქვათ, ამით ირიბად ნათქვამია, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით ულტრარადიკალური ნაწილი ჩარჩენილია წარსულში და საზოგადოებრივი დაკვეთა არის სხვა. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება, საპარლამენტო გზა და არა ქუჩა, ამიტომაც ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი ოპოზიციონერების ამომრჩეველი მივიდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე და არ გავიდა მასობრივად ქუჩაში.
რაც მალე შეიტყობენ და მიხვდებიან ოპოზიციონერები, თუ რა არის მათივე ამომრჩევლის დაკვეთა და მთლიანად საზოგადოების დაკვეთა, მეტად ადეკვატურები იქნებიან და დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ბრიფინგზე, დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს და ოპოზიციას მოუწოდეს, შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.