ნათია თურნავა - ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება
ნათია თურნავა - ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ლარსზე საკვები პროდუქტით დატვირთული მანქანები დგას და კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე შემოვლენ საქართველოში.

„სურსათთან დაკავშირებით ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ახლავს კორონავირუსის პრობლემას არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრგან. მთავრობასთან მოქმედი საგანგებო შტაბის დავალებით, ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც რვა დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები იქნება რეგულირებული. ეს მექანიზმი იქნება შემოთავაზებული. ასევე მარაგები არის, ამ მარაგებში უნდა ჩავთვალოთ ის მარაგებიც, რომლებიც დღეს არის გზაში, უბრალოდ, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ლარსზე შეიქმნა პრობლემა. ჩართული გვყავს მთის კურორტების კომპანია, რომლიც გვეხმარება, რომ ზვავსაშიშროებისგან დავიცვათ მძღოლები და რაც შეიძლება მალე გავხსნათ ლარსი, რასაც სულ რამდენიმე დღეში ველოდებით. სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, გამომდინარე იქიდან, რომ თავად მაღაზიებშიც არის მარაგი. გარდა ამისა, ლარსზე დგანან მანქანები, რომლებიც დატვირთულია საქონლით, მათ შორის ბურღულეულით, შაქრით და სხვა მოთხოვნადი საქონლით, რომელიც ჩვენ ახლა გვჭირდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური მექანიზმი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო საზოგადოებას შესთავაზებს.

„ვატარებთ მონიტორინგს და კონტროლს, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს ფასების ზრდა. არ მოხდეს გარკვეული სპეკულაციური განწყობები და ფაქტები. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები არ არის მასობრივი. ერთიანი ჯგუფებით სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები დადიან, ამოწმებენ და სადაც ეს გამოვლინდება, იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.