ნათია თურნავა - ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ყველა ზომის სასტუმროს შეეხება
ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ყველა ზომის სასტუმროს შეეხება, თუმცა მცირე სასტუმროები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია, ამიტომ მათთვის დამატებითი ზომა არის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება მსგავსად იმ მექანიზმისა, რაც ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ავამოქმედეთ გასულ წელს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, გასული წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ასევე საკმაოდ დიდი დარტყმა მიადგა სასტუმროების ბიზნესს, ძალიან ოპერატიულად გადაწყდა და გამოიკვეთა ყველაზე მოწყვლადი ნაწილი – 4-დან 20 ნომრამდე სასტუმროები, სადაც „აწარმოე საქართველოს“ მეშვეობით საბანკო სესხების პროცენტი კრიზისის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დასუბსიდირდა.
„ამ პროგრამამ კარგად იმუშავა, ახლა ვთვლით, რომ ამ წარმატებული მაგალითის გამოყენებით, ვაფართოებთ სასტუმროების ზომას, მცირე და საშუალო – 4-დან 50 ნომრამდე სასტუმროები მიიღებენ იგივე სახის დახმარებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, გასული წლის მსგავსად, მოხდება საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა, გაიზრდება არეალი და სასტუმროების ზომა, რადგან ტურიზმის და სასტუმროების ინდუსტრია წარმოდგენილია როგორც მსხვილი, ასევე მცირე საოჯახო სასტუმროებით.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, სუბსიდირებისთვის საჭირო თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან, ეს იქნება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში.
„თანხის პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, ეს არის დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში. თუმცა, ვინც მოგვმართავს და იქნება იმ კრიტერიუმის შესატყვისი, რომელიც ჩვენ აქამდეც გვქონდა გამოქვეყნებული, შეუფერხებლად მიიღებს ამ თანხას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯამი ჩემ მიერ დასახელებულ თანხას გადააჭარბებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.