ნათია თურნავა - ქართული წარმოების მხარდასაჭერად ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ახალ ეტაპს ვიწყებთ
ნათია თურნავა - ქართული წარმოების მხარდასაჭერად ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ახალ ეტაპს ვიწყებთ

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა ეძლევა, ელექტროენერგია თავისუფალ ბაზარზე, საბაზრო ფასად შეისყიდონ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა, აღნიშნული მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას შეამსუბუქებს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმი აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად.

„პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები არიან. ისინი ქმნიან საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს, არიან უმსხვილეს დამსაქმებლებს შორის. თითოეულ მათგანთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგობაზარზე ცვლილებას მომზადებული შეხვდნენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები ორიენტირებული არიან, გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა.

ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ტექნოლოგიური გადაიარაღების პროგრამებზე, რომლის შედეგადაც ისინი ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას შეძლებენ. ბაზრის დერეგულირებამ მათ მისცა დამატებითი სტიმული, მეტი იფიქრონ ენერგოეფექტურობასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

„ვაპირებ, უახლოეს პერიოდში ვეწვიო რეფორმის მონაწილე თითოეულ ქართულ ინდუსტრიულ საწარმოს და ადგილზე გავეცნო, როგორ ემზადებიან, გახდნენ ენერგოეფექტურები. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ მათ არა მხოლოდ ენერგეტიკული საკითხების გადაწყვეტაში დავეხმაროთ, არამედ რაშიც შეგვეძლება, გვერდით დავუდგეთ. ქართული წარმოების მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი არის და იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკული რეფორმა სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებით არიან დაინტერესებული.

„ვფიქრობ, ამ რეფორმით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.