ნათია თურნავა - „ქართული ოცნების“ წარდგენილ ოცეულში კარგად არის შეზავებული გამოცდილება, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით გაკეთებული საქმეები და ახალგაზრდული ენერგია
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეული ძალიან მაგარი შემადგენლობაა, სადაც ერთმანეთთან კარგად არის შეზავებული გამოცდილება, ეფექტურობა, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით უკვე გაკეთებული საქმეები და ეფექტური გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სიის პირველი ოცეულის შეფასებისას განაცხადა.
„ასევე ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი და ენერგია. ეს მართლაც არის წარმატების ფორმულა, გამარჯვების გარანტი. ძალიან მაგარი შემადგენლობა, მაგარი გუნდი წარვადგინეთ. ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, Dream team – შეიძლება ითქვას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ გუნდში ძლიერი ეკონომისტებიც არიან.
„მაგალითად, ჩვენი სამინისტროს სისტემიდან წარდგენილია ორი შესანიშნავი ახალგაზრდა ქალბატონი – მარიამ ქვრივიშვილი და მარიამ ლაშხი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ორივე ძლიერი მენეჯერი და კარგი ეკონომისტია“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.
მარიამ ქვრივიშვილი ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მარიამ ლაშხი კი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.
„ასე რომ, ჩვენი ეკონომიკის ორი მნიშვნელოვანი სფერო – ტურიზმი, რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არის წარმოდგენილი და ზოგადად ბევრი სხვა საინტერესო პროექტის განხორციელება შეუძლიათ. მთლიანობაში ჩენ ვართ ერთი გუნდი, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი და გპირდებით, ჩვენი მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.