ნათია თურნავა - პროფესიონალ ქართველ მეზღვაურებზე საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნაა
ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში, საბერძნეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის თქმით, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა საზღვარგარეთ და სასიხარულოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ათასობით საქართველოს მეზღვაური მსახურობს.
მინისტრის განცხადებით, პროფესიონალ ქართველ მეზღვაურებზე საზღვარგარეთ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
„ასამბლეის ფარგლებში ათამდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრებს ვხვდები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ქვეყნებში საზღვაო ინდუსტრიაზე. ყველა შეხვედრაზე საუბარი მაქვს, თუ როგორც შევუწყოთ ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმებას მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს ბრაზილიის საზღვაო ადმინისტრაციასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, ბრაზილიის დროშით მცურავ 800-მდე გემზე დაშვება ჰქონდეთ.
„ვხვდებით და ვაღრმავებთ ურთიერთობას გერმანიის საზღვაო ასოციაციასთან. გერმანული დროშით მცურავ სამი ათასზე მეტ გემზე მსახურობენ ჩვენი მეზღვაურები. თუმცა, გვინდა, კიდევ უფრო მეტი მეზღვაური დასაქმდეს. ეს ნაბიჯები მიმართულია მათი დასაქმების უკეთესი პირობებისკენ და უფრო ფართო დასაქმებისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში იწყება ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფართოებისა და ფოთში მისი ფილიალის გახსნის პროექტი.
„ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი მეზღვაურების მომზადების, გადამზადებისა და ტრენინგების პლატფორმა და კიდევ უფრო მეტი მაღალკვალიფიციური მეზღვაური დავასაქმოთ საერთაშორისო ბაზარზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.