ნათია თურნავა - პრივატიზების მიმართულებით გვჭირდება გარღვევა, უნდა შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ
ეკონომიკური პოლიტიკა და ლარის კურსი რამდენიმე მდგენელს შეიცავს, ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია, ეს არის სხვა უწყებების კონტრიბუციაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსის სიმყარის ერთ-ერთი კომპონენტია ბიზნესის ხელშეწყობა.
„ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და ყველაზე მეტი ბერკეტი ამ თვალსაზრისით ეროვნულ ბანკს გააჩნია. ჩვენ ვხედავთ, რამდენად ეფექტურად იყენებს ამ ბერკეტებს და ყოველთვის გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, რა თქმა უნდა ეკონომიკური პოლიტიკა და ლარის კურსი რამდენიმე მდგენელს შეიცავს. ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია, ეს არის სხვა უწყებების კონტრიბუციაც. თუნდაც ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა შევუწყოთ ხელი ბიზნესის შემდგომ განვითარებას და გავამარტივოთ ბიზნესგარემო კიდევ უფრო მეტად, რაზეც მათ შორის ჩვენს სამინისტროსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, ესეც არის ხელშეწყობა, მათ შორის ლარის კურსის გამყარების“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ლარის კურსის გამყარების კიდევ ერთი ბერკეტია დაჩქარებული პრივატიზაცია.
„ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. წელს არ მივდივართ ცუდად, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. მე პირადად არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი. ჩვენ მივაღწიეთ დაჩქარებას უძრავი ქონების პრივატიზების მიმართულებით. 100 მილიონი უკვე ისეთი მიჯნაა, რომელიც მარტივად შესრულდება. რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში ჯერ კიდევ არსებული საწარმოების პრივატიზებას, აქ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა, რადგან აქ ჯერ კიდევ ვერ მოვახდინეთ გარღვევა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ამაზე აქტიურად ვიწყებთ მუშაობას. აქვე განვმარტავ, რომ ეს არ შეეხება იმ რამდენიმე სტრატეგიულ საწარმოს, მაგალითად რკინიგზას, ელექტროსისტემას, რომელიც ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს ჩვენი მოსახლეობის წინაშე და მათი პრივატიზება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ არის ძალიან ბევრი, 1000-მდე სხვა მცირე საწარმო, რომელმაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს თავის რეალურ პატრონს. აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.