ნათია თურნავა - პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, პოლიტიკური აქტივობა არც ერთ ჩვენგანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს
მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესისა და მართლმსაჯულების ერთმანეთში არევა არ უნდა მოხდეს.
„ვფიქრობ, რომ უნდა ვისწავლოთ და არ ავურიოთ ერთმანეთში პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება. მართლმსაჯულებას აქვს თავისი წესები, სასამართლო მიმდინარეობს, თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს და არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე, თვითონ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითად ინსტრუმენტებზე და ინსტიტუტების მიმართ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთიანი და პასუხისმგებლობა უნდა მოყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს, პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად. ნუ ავრევთ ამ ორ პროცესს ერთმანეთში“, – განაცხადა თურნავამ.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ვადა ამოეწურა, გენერალურმა პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.