ნათია თურნავა - პოლიტიკოსები პასუხს აგებენ მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე, ჩვენ, პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გავთვალოთ სწორად 
ნათია თურნავა - პოლიტიკოსები პასუხს აგებენ მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე, ჩვენ, პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გავთვალოთ სწორად 

საქართველოს ხელისუფლებამ და ეკონომიკურმა გუნდმა ბოლო დღეებში მიიღო უპრეცედენტო ზომები, რათა დავეხმაროთ ბიზნესს და ყველაზე მეტად მოწყვლად ინდუსტრიებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა დღეს „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე ჰკითხეს. პარტიას მიაჩნია, რომ სავალდებულო საპენსიო შენატანები რვა თვით უნდა შეჩერდეს.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საშეღავათო პაკეტი შესთავაზა სასტუმროებსა და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს.

როგორც მინისტრმა თქვა, მოცემულ ვითარებაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ძალიან ბევრი ინიციატივა შეიძლება, წამოვიდეს, თუმცა თურნავა აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსები მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე არიან პასუხისმგებელი, მთავრობას კი, ყველა ნაბიჯი გათვლილი უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ კვლავაც ვიხილავთ სხვადასხვა დარგის პრობლემატიკას და მზად ვართ, ოპერატიული რეაგირებისთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ, რა თქმა უნდა, სრულად საზოგადოება კონსოლიდირებულია ამ გამოწვევის წინაშე და ეს სწორია, ამ ფონზე, ალბათ მომსწრენი გავხდებით ძალიან ბევრი ახალი ინიციატივის, რაც წამოვა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, თუმცა, ერთ რამეც უნდა გავითვალისწინოთ – პოლიტიკოსები, რაოდენ კეთილი მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეთ, პასუხს აგებენ მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე, ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და შესაბამისად, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, რა დროს წაიღებს ამ პრობლემის გადალახვა, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, გადავლახავთ, მაგრამ დროსთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ზუსტი სურათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გავთვალოთ რესურსულად, სწორად, როგორ და რანაირად მოვახერხებთ ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას და რა იქნება ამის დაფინანსების წყაროები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, სამთავრობო გუნდი ამაზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

„ერთი რამეც უნდა აღვნიშნო, კორონავისურის პრობლემა ადრე თუ გვიან ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით, დღეს ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, რომელიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმისკენ დაბრუნებას, მაგალითად, ჩამოშლის საპენსიო რეფორმას. კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ პენსია და პენსიონერების პრობლემები არის მუდმივი. აქედან გამომდინარე, ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს განცხადებებს“, – განაცხადა მინისტრმა.