ნათია თურნავა - პირველივე ეტაპზე ტურიზმის სექტორს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ, რითაც 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა უკვე ისარგებლა
პრაქტიკულად არც ერთი თვე არ გასულა, რომ ტურისტული ინდუსტრიისთვის რამე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პირველი ეტაპი მარტში იყო, რომელსაც სახელმწიფომ „გადაუდებელი დახმარების ეტაპი“ უწოდა, რადგან იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია.
„უკვე ჩანდა, რომ ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდებოდა შემდეგ თვეებში. მათთან შეხვედრისა და კონსულტაციის შედეგად, ჩვენ შევთავაზეთ ტურიზმის სექტორს მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები და ოთხი თვით მთლიან ბიზნესსექტორს მიეცა შესაძლებლობა, გადავადებულიყო ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის პირველ ნოემბრამდე“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით უკვე ისარგებლა 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა.
„ასევე ჩვენ მყისიერად გავაფართოეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეგიდით ხორციელდება – როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80 პროცენტიანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე ზომის სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა. დღეის მონაცემებით, უკვე 2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა სურვილი, ესარგებლა ამ შეღავათით“, – აცხადებს ნათია თურნავა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ასევე სახელმწიფომ ტურისტულ ინდუსტრიას კომერციულ ბანკებთან უშუამდგომლა და უმეტესი მათგანისთვის საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა.