ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა
პანდემიის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა, რადგან ბიზნესი არ მუშაობდა და, შესაბამისად, ელექტროენერგიას არ მოიხმარდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის სამი თვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება ენერგეტიკულ კომპანიებსაც დაეხმარა.
„კორონავირუსის დროს, გლობალურმა პანდემიამ და მათ შორის საქართველოში ეკონომიკურმა კრიზისმა, ასევე ბიზნესპროცესების შენელებამ და გარკვეულწილად, საერთოდ შეჩერებამ, რადგან საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებოდით, გარდაუვლად გამოიწვია ისიც, რომ ამ პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა, რადგან ბიზნესი არ მუშაობდა, არ მოიხმარდა ელექტროენერგიას. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ სამი თვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოსახლეობისთვის, რამაც მდგრადი გახადა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ამ რთულ პერიოდში და ირიბად დაეხმარა, მათ შორის, ენერგეტიკულ კომპანიებს, რადგან არ გადახდები არ დაიწყო და რისკის პრევენცია მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ შარშანდელ დონეზე გვქონდეს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი გამოსავალია ელექტროენერგიის ექსპორტი, თუმცა მოთხოვნა მეზობელ ქვეყნებშიც შემცირებულია.
„გვრჩება ორი გამოსავალი – ერთი, რომ მაქსიმალურად ექსპორტზე გავატანინოთ ელექტროენერგია და ამას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, ოთხივე მიმართულებით ჩვენს სამეზობლოში, თუმცა იქაც დაცემულია სერიოზულად მოთხოვნა და ალბათ, ესეც არ არის ასე მარტივი. ჭარბი წყალი ზოგჯერ შეზღუდვაში ყვება, რადგან სხვა გამოსავალი არ არის – უნდა მოიხმარო ელექტროენერგია ან გიწევს, წყალი გამოიყენო, დროებით შეზღუდო გამომუშავება და დაღვარო. ეს ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი წყალი არის ჩვენი მწვანე ენერგიის საფუძველი, ჩვენი საკუთარი რესურსი. ის პროექტები, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ხუდონი; ნამახვანი, რომელიც ახლა დაიწყებს მშენებლობას; შუახევი, რომელიც ახლახან გავხსენით აჭარაში, არის საწინდარი, რომ აწი საქართველოში წყალი აღარ დაიღვრება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.