ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს
ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს

პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკის დიგიტალიზაციას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სტარტაპების განვითარებას.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი შემოიღო აიტი ინდუსტრიაში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მქონე კომპანიებისთვის. მისი თქმით, ამის შედეგად, ორი საერთაშორისო კომპანია „ეპამი“ და „ექსადელი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ჯამში, 2000-მდე ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას გეგმავენ.

ნათია თურნავას განცხადებით, მომავალში გაგრძელდება აიტი სპეციალისტების გადამზადების მასშტაბური პროგრამა და რეგიონალური ტექნოპარკების და უნივერსიტეტების ჩართულებით ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერის პროგრამები. მისი თქმით, 2020 წელს ბათუმში, კასპსა და გურჯაანში ტექნოლოგიური პარკები გაიხსნა და ეს პროცესი გაგრძელდება.