ნათია თურნავა - ოპოზიციამ იცის, რომ ნდობის მანდატს ვერ მოიპოვებს და ქართველი ხალხი მათ ამ უპასუხისმგებლო დაპირებების შესრულებას არ მოსთხოვს
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ოპოზიციის წინადადებები ბიუჯეტის დანგრევისკენ არის მიმართული, იციან, რომ ნდობის მანდატს ვერ მოიპოვებენ და ქართველი ხალხი მათ ამ დაპირებების შესრულებას არ მოსთხოვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციისგან განსხვაებით, მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აქვს და რასაც ამბობს, იმას ასრულებს.
„ოპოზიცია ლაპარაკობს არაკომპეტენტურად. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, რადგან გვირჩევნია კონსტრუქციული კრიტიკა იყოს, რომელიც რამე ციფრებს მაინც დაეყრდნობა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი წინადადებები, მათი იდეები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არ არის გამყარებული არანაირი გათვლებით, მიმართულია ბიუჯეტის დანგრევისკენ. აქედან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ამ არჩევნებში თავიანთ შანსებს ობიექტურად აფასებენ, იციან, რომ ნდობის მანდატს ვერ მოიპოვებენ და ქართველი ხალხი მათ ამ დაპირებების შესრულებას არ მოსთხოვს. ამიტომაც ასე გულუხვად გასცემენ პოპულისტურ დაპირებებს. ჩვენ რა გვაძლევს ზომიერი ოპტიმიზმის საშუალებას – ყოველთვის ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და რეალური საქმით ვამყარებთ ამას. ეს არის პირველ რიგში, ის რეალობა, რომ ჩვენ სრულად ვმართავთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება დღიდან დღემდე ინფიცირებულთა მაჩვენებელი. მთავარია, როგორ რეაგირებს სახელმწიფო. ჩვენი რეაქცია არის ადეკვატური, ეფექტური, საქართველოს ერთ მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში აქვს. ეს არის სწორედ ის რწმენა, რომ ჩვენ ეპიდემია არ შეგვიშლის ხელს, რომ თანდათან გავაჯანსაღოთ ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა მინისტრმა.
თურნავას თქმით, ოპოზიციას საკუთარი დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, არეულობა და არჩევნების გადადება სურს.
„ოპოზიციას სურს, რომ ჩვენ დავუშვათ ქაოსი და უკონტროლობა. მათ აწყობთ არეულობა და არჩევნების გადადება. რატომ აწყობთ არჩევნების გადდება? ძალიან სწორად და ზუსტად აფასებენ საკუთარ არც თუ ისე სახარბიელო შანსებს ამ არჩევნებში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.