ნათია თურნავა - ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ, წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად
ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ, წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად, ისე, როგორც ითქვა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას.
მინისტრის თქმით, პანდემიამ ბევრი პროცესი შეანელა, თუმცა საბოლოოდ წყალტუბოს პროექტს ეს არ დაეტყობა.
„კორონავირუსმა, რა თქმა უნდა, შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ“ ფონდის ქველმოქმედების საფუძველზე, კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ნახეთ, როგორ ხორციელდება ეს აბასთუმანში. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში. ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომლებსაც ახლა, ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდათ თურმე, რა ხდება წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე რომ, არანაირად არ გაგვიჭირდება ამის შესრულება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.