ნათია თურნავა - ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2020 წელს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს განახორციელებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და კორპორაციის პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ.
კორპორაციის გენერალურ დირექტორ გიორგი ბახტაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კორპორაცია ფინანსურ წელს მნიშვნელოვანი მოგებით ასრულებს. მან ასევე ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ „ჯეი ფი მორგანმა“ (J.P. Morgan) საქართველოში ძირითად ემიტენტებთან ვიზიტის შემდეგ 2019 წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომლის მიხედვით კორპორაცია შეაფასა ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე კომპანიად, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ამავე წლის 15 ოქტომბერს კორპორაციას გრძელვადიანი რეიტინგი BB-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობისა და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აგრეთვე აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.
გიორგი ბახტაძის განცხადებით, კორპორაციამ სრულად უზრუნველყო თბილისის აღმოსავლეთით მდებარე „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მშენებლობის დაფინანსება. ეს არის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სადგური, რომელიც სრულად 2020 წლის დასაწყისში გადაეცემა საექსპლუატაციოდ და საქართველოს ერთიან ელექტროსისტემას მიაწვდის ელექტროენერგიას.
კორპორაციის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ქვეყნის იმ რეგიონების გაზიფიკაცია, სადაც გაზის მიწოდება არასდროს ყოფილა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აჭარის მთიანეთი. გიორგი ბახტაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს კორპორაციამ 97 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.
რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს დაგეგმილია „გარდაბანი 3“-ის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება. აღნიშნული სადგურისთვის გამოყენებული იქნება ახალი მოდიფიკაციის ტურბინები.
ასევე, 2020 წელს დაგეგმილია EPC (პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა) კონტრაქტორის შერჩევა მიწისქვეშა გაზსაცავის მასშტაბური პროექტისათვის. ამ პროექტსაც ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.
2020 წლის აპრილში დაგეგმილია არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება 300 მლნ ევროს მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება და ამ სახსრებით არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სრული გამოსყიდვა.
პრეზენტაციის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა კორპორაციის მიერ გაწეული საქმიანობა 2019 წელს. მისი თქმით, „კორპორაციის წარმატებულ საქმიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაც. ნავთობისა და გაზის კორპორაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული და მომგებიანი სახელმწიფო საწარმო. კორპორაციის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტები შენდება და აგრეთვე მიმდინარეობს არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია, რაც საბოლოო ჯამში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხო, უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.