ნათია თურნავა - ნატახტარში, 11 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილ ახალ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
სოფელ ნატახტარში მდებარე კომპანია „ფუდ ალიანსის“ საწარმო პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს აწარმოებს და სრულადაა აღჭურვილი ახალი, ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.
საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებითა და EBRD-ის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა.
„ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს დახმარებით უამრავი ახალი საწარმო იხსნება. ეს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, ყველა მანქანა-დანადგარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ეს არის ქართულ-ფრანგული, 11 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია და რაც მთავარია, ასაქმებს 100-მდე ადგილობრივ მცხოვრებს. ვულოცავ ინვესტორებს, საქართველოს და ჩვენს სამინისტროს ამ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.
კომპანია წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. „ფუდ ალიანსის“ ახალი საწარმო მომხმარებელს, ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. დღესდღეობით, საწარმოში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება და მიეწოდება როგორც მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ასევე სასტუმროებს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.