ნათია თურნავა - „ნამახვანის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, ჩვენი სურვილია, დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ საკითხის დარეგულირება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყანაში ელექტროენერგიის მომატებული მოხმარება საკუთარი წყაროებით იფარებოდეს.
თურნავას თქმით, მათი სურვილია, არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, არამედ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შეძლონ კომპანია „ენკასთან“ საკითხის დარეგულირება.
„ნამახვანის“ პროექტი თავისთავად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა, აღდგენასაც გასცდა – ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ერთი მხრივ, ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად, ნიშნავს ელექტრონერგიის მომატებულ მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, ეს მომატებული მოხმარება ჩვენი, საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და ჩვენს ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები, ბიზნესები, და არა იმპორტირებულს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართება არის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“, რომლის მთავარი პროფილია მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები და მიმდინარეობს კომუნიკაცია.
„ჩვენ მათთან ერთად კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან აწარმოებენ შეხვედრებს, კომუნიკაციბს. ჯერჯერობით არა ჩემს დონეზე, თუმცა პირადად მე რა თქმა უნდა ვაკვირდები ამ პროცესს და მონიტორინგს ვუწევ, ხდება სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია. რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის მარტივი პროცესი. ხელშეკრულებით მკაფიოდაა განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება, ეს მოხდეს, როგორ და რანაირად. არ არის ისე, ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა, გავიდეს და ა.შ. ასე არ ხდება. მთელი რიგი პასუხისმგებლობებია. ვსაუბრობთ ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა. მეტს ვერაფერს გეტყვით. გიდასტურებთ, რომ არის კომუნიკაცია, გამოყოფილია სამუშაო ჯგუფი ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც, და არის პერიოდული შეხვედრებიც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, მათი სურვილია, მომავალ წელს გამოცხადდეს ინვესტორების საერთაშორისო შერჩევა.
„რამდენიმე თვის წინ მოვიწვიეთ საერთაშორისო კონსულტანტები, მათ განაახლეს ჩვენთვის ეს პროექტი და საინვესტიციო შეთავაზება. გარკვეულწილად, განახლებული სტრუქტურით, სადაც მთავრობის მონაწილეობა შესაძლოა, მეტად წონადი იყოს და მეტად მიმზიდველი გავხადოთ ეს პროექტი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში უკვე ვეკონტაქტოთ ინვესტორებს, თუმცა პროექტი კომპლექსურია. გეთანხმებით, მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორის მხრიდან არის გაჩაღებული, გარკვეული დარტყმა მიაყენა პროექტს, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ვერ განხორციელდა ამდენი წელი. დღეს ჩვენ უნდა გვქონოდა ოპერირებადი პორტი და ამის მაგივრად გვაქვს ჯერ კიდევ პროექტი, თუმცა ამაში დადებითსაც ვხედავ – უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი.
ჩვენ გვაქვს სურვილი, მომავალ წელს გამოცხადდეს ინვესტორების საერთაშორისო შერჩევა. ჩვენი სურვილი კვლავაც არის, რომ ევროპელი ან ამერიკელი ინვესტორები მონაწილეობდნენ ამ პროექტში, თუმცა შევხედავთ. სახელმწიფო ისედაც კარგად იყო წარმოდგენილ ამ პროექტში – ეს იყო მიწა. სახელმწიფო გარანტორი არ უნდა იყოს ამ პროექტში. პროექტი საკმაოდ მიმზიდველია, კონკრეტულად რა სტრუქტურით იქნება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. სახელმწიფო კვლავაც საკმაოდ წარმომადგენლობითად იქნება პროექტში. ჩვენ ვხედავთ მის პერსპექტივას“, – განაცხადა თურნავამ.