ნათია თურნავა - „ნამახვანიჰესის“ პროექტი პიკზე საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს
„ნამახვანიჰესი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანიჰესის“ მშენებლობის გამო საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარისას.
„პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით. სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორი, კომპანია „ენკა“ ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.
„ინვესტორი ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მანამდეც მუშაობდა და სწორედ ამის გამო ძალიან შეთანხმებულად ჩატარდა იგივე მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება. ინვესტორი მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგადაა ჩართული ამ პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიმდინარეობისას იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის – დღესდღეობით მოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებშიც ძალიან დიდი დოზით სწორედ ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაა დასაქმებული. მინისტრის ინფორმაციით, პიკზე პროექტი საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
„მთლიანობაში, რასაკვირველია, კარგი არ არის, როდესაც მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტებს და ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზოგადად, ბევრ ქვეყანაში როდესაც დიდი პროექტები ხორციელდება, რომლებსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ რთული ინჟინერია და სამშენებლო მიზანი გააჩნია, ისმის ხოლმე კითხვები, არის გარკვეული პროტესტის გამოხატვა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, თუმცა, მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ეკიდება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.
„ამიტომ ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული დასაბუთების საფუძველზე და ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.