ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული მედიაციის შემდეგი ნაბიჯი არის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელი არ შეუშალონ ინვესტორს სამუშაოების განხორციელებაში
მედიაციის პროცესი მართლაც ცივილიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში მიმდინარეობს, დეესკალაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო ნაბიჯი არის ის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელი არ შეუშალონ ინვესტორს სამუშაოების განხორციელებაში.
„მედიაციის პროცესით დადასტურდა, რომ პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ მართლაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ევროპული ენერგეტიკული ქარტიის მედიატორი მოიწვია. მედიაციის პროცესი მიდის მართლაც ცივილიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში. დეესკალაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტიგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში.
შემდეგი ნაბიჯი, რაც არის საერთაშორისო მედიატორთან შეთანხმებული, არის რომ ორივე მხარემ, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ლიდერებმა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას, რომ მშვიდობიანად განახორციელონ სამუშაოები, საწყისი ნებართვის ფარგლებში.
მთავარი მიმართულება მედიაციის პროცესში არის გარემოს დაცვითი სტანდარტების გადამოწმება, გარემოს დაცვითი პროცედურების კვლევების გადამოწმება, რათა საბოლოო ჯამში ეს პროექტი განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, რაც იქნება საქართველოს ინტერესებში. დიალოგი მიმდინარეობს“, – განაცხადა თურნავამ.