ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის მის უსაფრთხოებაზე, არსებობს კვალიფიციური პასუხები და მზად ვართ, გავაგრძელოთ მოსახლეობასთან კომუნიკაცია
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის მის უსაფრთხოებაზე, არსებობს კვალიფიციური პასუხები და მზად ვართ, გავაგრძელოთ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებიან.
თურნავას თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრა ცოტა დაგვიანებით მოხდა, თუმცა ასეთი კომუნიკაცია დადებითი შედეგის მომტანია.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც და ამაში ვეთანხმები მათ, მაგრამ ამ ეტაპზეც ვფიქრობ, ძალიან დიდი დადებითი შედეგის მომტანია ასეთი კომუნიკაცია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად, არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გავეცით პასუხები. დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები. მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ გრავიტაციული კაშხლის კოლაფსისა და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რაიმე დაემართოს“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე კარგად არის შესწავლილი გეოლოგია და ქანებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრის განცხადებით, კაშხლები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.
„ასევე ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი, მოგონილი ტალღა, რომელმაც შესაძლოა დაარტყას დასახლებებს. არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაცია და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეიძლება მოხდეს გარკვეული საკითხების გათვალისწინება და კორექტირება, თუ ისინი რეალურ პრობლემებზე იქნება დამყარებული.
„ეს უნდა იყოს რეალურ საფუძვლებზე დამყარებული საკითხები და არა, დავუშვათ, იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. ამიტომ დღეს აქაც განვაცხადეთ, რომ მთელი რიგი საკითხები შეიძლება იყოს გათვალისწინებული. ჩვენ პირობა მივეცით, რომ პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა მათთვის სანდო ექსპერტების მიერ „ზემო ნამახვანის“ პროექტირება/შესწავლაში. კვლევები ახლა მიმდინარეობს და არის კარგი მომენტი, რომ ჩვენ თუკი რაიმე კომუნიკაციაში დავაკელით „ქვემო ნამახვანის“ პროექტს, ახლა ეს პრობლემა სხვაგვარად გადავწყვიტოთ და ამ კვლევებში მაქსიმალურად ჩავრთოთ დაინტერესებული მოსახლეობა“, – განაცხადა თურნავამ.