ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება, ჩვენი ამოცანაა, კომპანიასთან შეთანხმება შედგეს არბიტრაჟის გარეშე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ორი შეხვედრა შედგა. მისივე თქმით, შეხვედრები უახლოეს პერიოდშიც გაიმართება.
როგორც თურნავა ამბობს, მათი ამოცანაა, კომპანიასთან შეთანხმება შედგეს არბიტრაჟის გარეშე. მისივე თქმით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის სასარგებლოდ.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ორი შეხვედრა შედგა, სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ეს პროცესი გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება შედგეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრი სურვილიც სახეზეა. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათ მიერ პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა თურნავამ.