ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, სამუშაო ჯგუფებში საკითხი საქმიანად განიხილოს, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, სამუშაო ჯგუფებში საკითხი საქმიანად განიხილოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩების ბლოკირებით და პარალიზებით ასეთი კომუნიკაციის დამყარება გაჭირდება.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ხელისუფლება მზად არის კონკრეტული, საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი არ უნდა გასცდეს თვითონ პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს, არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში, მაგრამ კვლავაც ვადასტურებ, რომ შექმნილია ძალიან კარგი, საქმიანი პლატფორმები, სადაც აი, ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, უნდა განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით. ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, ეს არის პლატფორმა საერთაშორისო მედიატორებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობით. ასევე, ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, რომ სამუშაო ჯგუფებში კონკრეტულად, საქმიანად, ექსპერტებთან, წარმომადგენლებთან ერთად, ნებისმიერი საკითხი განიხილოს. ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში, ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ. რაც ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა თურნავამ.