ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ინვესტორი მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ინვესტორი მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. ჩვენ „ენკას“ ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით. პირადად მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისზე, ვგულისხმობ კაშხლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ხეობის განვითარებისთვის დამატებითი ფონდის შექმნას, ყველა კვლევის გახსნას,“ – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, 15-მდე ორგანიზაციამ „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ არსებული კვლევები გამოითხოვა.
„ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება მათგან დასკვნა, რომლითაც ჩვენ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გადახედოს მას, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.