ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტები ორი თვის განმავლობაში შეისწავლიან ჩატარებულ კვლევებს და რამე ხარვეზს თუ გამოავლენენ, მათ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ექსპერტები ორი თვის განმავლობაში შეისწავლიან ჩატარებულ კვლევებს და რამე ხარვეზს თუ გამოავლენენ, მათ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება ძირითადი კვლევები.
„დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს „უკეთესი ნამახვანისთვის“. ეს არის იმ შეთანხმების შესრულება, რასაც ჩვენ ინვესტორ კომპანიასთან მივაღწიეთ. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება ძირითადი კვლევები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია. მრავალი წელი მიმდინარეობდა და საკმაოდ კვალიფიციური ექსპერტების მიერ არის შესრულებული, მაგრამ ყოველთვის შეიძლება სრულყოფა. თუმდაც იმისთვის, რომ ბევრი კითხვა მოიხსნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მეტი ნდობა გაჩნდეს პროექტის მიმართ, ჩვენ ჩავრთეთ ექსპერტები, სამეცნიერო წრეები კვლევების გადამოწმებასა და მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ, რა კვლევებია ჩატარებული. რაიმე რისკს, რაიმე ხარვეზს თუ გამოავლენენ, ჩვენ იმავე ფორმატით შევიკრიბებით, მათ რეკომენდაციებს მოვისმენთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ. ამ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავებთ ამ რეკომენდაციების გადაჭრის გზებს და კომპანიას წარვუდგენთ. ეს არის გარანტია, რომ პროექტი უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებმა „ნამახვან ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ენერგეტიკოსები, ეკოლოგები, ჰიდროლოგები და გეოლოგები ესწრებოდნენ.