ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული და აღნიშნა, რომ კვლევები გაგრძელდება.
„ჩვენ გეგმა გაჟღერებულია. უპირველეს ყოვლისა, მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხალზე, გაგრძელდება კვლევები. მეტიც – იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო მედიაციის პროცესში ჩვენი თხოვნით და სახელმწიფოს, მთავრობის მოწვევით.
მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის. კონკრეტულად, პროცესი რამდენად იყო სწორად წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები და გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონმდებლობის ფარგლებში და იმ გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ. დანარჩენი თვითონ ინვესტორის საკითხია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ შეხვედრის აუცილებლობას, თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.